რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობის რეზერვუარი იწვის
04/05/2023 05:47:17 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი "დრონით" თავდასხმა გახდა.
რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს. აფეთქებები და ხანძრები გახშირდა უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილშიც, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.


