ზედიზედ მესამე დღეა, რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს უკრაინას
04/05/2023 05:36:05 მსოფლიო
ზედიზედ მესამე დღეა რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს უკრაინის ტერიტორიას. წუხანდელი თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული დედაქალაქ კიევში და კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და პოლტავის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 24 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed-136/131) და მათგან 18 გაანადგურეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.
სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგემ ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა განახორციელა ჩრდილოეთიდან, ბრიანსკის ოლქიდან და აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ ოდესაში ჩამოაგდეს 15-დან 12 დრონი. კიდევ 3 უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებლის შენობას და ხანძარი გაუჩნდა. მსხვერპლი არ არის. სარდლობის ცნობითვე, დრონებს, რომელთა მეშვეობით ოდესას შეუტიეს, ეწერა: „კრემლისთვის“ და „მოსკოვისთვის“.
3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით, "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა".3 მაისს, ფინეთში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.


