ბლინკენმა კომენტარი გააკეთა კრემლზე განხორციელებულ სავარაუდო შეტევაზე
03/05/2023 17:16:00 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ოფიციალური პირების ბრალდებებზე კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
ბლინკენმა თქვა, რომ ვერ დაადასტურებს ცნობებს.
”მე ყველაფერს, რაც კრემლიდან მოდის, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდევი“,– თქვა New York Times–ის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა.
როდესაც მას ჰკითხეს აშშ-ის პოზიციის შესახებ რუსეთზე უკრაინის მხრიდან ნებისმიერ შესაძლო შეტევასთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „უკრაინის საქმეა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თავის დასაცავად“.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აგროვებდა ფაქტებს მოსკოვში დრონით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.აშშ-ის უსახელო ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები არ იყო გაფრთხილებული კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის შესაძლო თავდასხმის შესახებ.
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამჟამად ფინეთში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია.
„ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ! ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით!", – ციტირებს ზელენსკის Reuters-ს.


