
NDI: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას 20% მისცემდა, ენმ–ს – 5%"
03/05/2023 09:36:10 საზოგადოება
NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს,მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას.
კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია მხოლოდ 20%-ს მიიღებდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6%-ს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია - მას 18-დან 35 წლამდე მოქალაქეების მხოლოდ 5% უჭერს მხარს. მმართველო პარტიის მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი 55+ ადამიანები არიან.
"პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება" - ასკვნიან კვლევის ავტორები.
მოსახლეობის 57% თვლის, რომ არც ერთი პარტია არ არის მათ შეხედულებებთან ახლოს. მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
ამასთან, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, გამოკითხულთა 47% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 37% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერებით მოქმედებს. 61% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იგივე მონაცემი შემცირებულია ოპოზიციის შემთხვევაშიც.
NDI -ს გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ წარმოადგენს. NDI-ს თანახმად განსაკუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩება 18-34 წლის მოსახლეობა.
NDI-ს ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.