Accentnews.ge
69%–ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებით, ხოლო 7% სარგებელს რუსეთისგან ელის – კვლევა

69%–ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებით, ხოლო 7% სარგებელს რუსეთისგან ელის – კვლევა

03/05/2023 09:31:10 საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) აქვეყნებს საზოგადოების განწყობების შესახებ 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. კერძოდ, 38% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, 28%-ს კი მიაჩნია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. 18% ფიქრობს, რომ მთავრობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს.

ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია. საინტერესოა, რომ პარტიული პრეფერენციების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ჩანს.

კითხვაზე, რომელ ქვეყანასთან ან გაერთიანებასთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა, პირველ ადგილზე ევროკავშირია, მასთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის მომხრეა საზოგადოების 54%. 32% აშშ-ს ასახელებს, თურქეთს - 14%, რუსეთს კი - 12%, ნატოსთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მომხრეა 10% .

ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის ქონას ემხრობა საზოგადოების 52%, 31%-იანი მხარდაჭერა აქვს აშშ-სთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირს.

69% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით და მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.

NDI-ს ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S