
კოალიცია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მედიისთვის უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო
03/05/2023 08:38:14 საზოგადოება
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მედიისთვის და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
“უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, უკანონო თვალთვალი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას კრიტიკული მედია”, — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველად ხდება, როდესაც მედია მენეჯერი შეყვანილია პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებულ ჟურნალისტთა სიაში. კოალიციის თქმით, ნიკა გვარამიას საქმე გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.