უკრაინა – წუხანდელი შეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 26 "დრონი" გამოიყენეს, მათგან 21 გავანადგურეთ
03/05/2023 05:41:13 მსოფლიო
რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, ირანული „კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის გარშემო მოიგერიეს მოწინააღმდეგის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. მათი რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.
საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.


