ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა
02/05/2023 18:45:05 მსოფლიო
ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
კერძოდ, შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება - ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული “ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება.
შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ იგი მზად იქნება პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, “სანამ განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება”.


