
კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ
02/05/2023 14:32:25 საზოგადოება
ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ ჩართულობას, რათა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ევროკომისიის მიერ რეკომენდებული ცვლილებები დროულად იქნას გათვალისწინებული.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ პარლამენტს ცვლილებების შესატანად ვადა 31 მაისამდე აქვს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ქართული აუდიოვიზუალური და სექტორთაშორისი მიმართულებები (მათ შორის კინო და მედია) დაკარგავს წვდომას შემოქმედებითი ევროპის MEDIA და ინტერსექტორულ მიმართულებებზე, რაც ნიშნავს მოწყვეტას ევროპული პროფესიული კავშირებიდან და მნიშვნელოვანი დაფინანსების წყაროდან.
"2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით საქართველოში 33 წარმატებული პროექტი განხორციელდა, ხოლო ახალი პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ პირველივე წელს 6 ქართული პროექტი დაფინანსდა. დღეს საქართველო MEDIA მიმართულების ნაწილობრივი წევრია და მონაწილეობის მიღება დაფინანსების შემდეგ სქემებში შეუძლია: კინო განათლება და აუდიტორიის განვითარება, კინოფესტივალები, კინოფესტივალების ქსელები, ტრენინგები. დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მხოლოდ MEDIA მიმართულების ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს, არამედ საშუალებას მისცემს გახდეს მიმართულების სრული წევრი, რისკენაც წლებია მივისწრაფვით ქართული კინოინდუსტრიის პროფესიონალები. მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია“ — აცხადებენ ხელმომწერები.
მათი თქმით, ვინაიდან დოკუმენტების წარსადგენად მცირე დროა დარჩენილი, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მზად არიან, აქტიურად ითანამშრომლონ პარლამენტთან:
განცხადების სრულ ტექსტს და ხელმომწერების სიას შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ.