მილიარდერების თხოვნით პუტინი სს კოდექსში ფულის გათეთრებისთვის სასჯელს აუქმებს
02/05/2023 10:19:04 მსოფლიო
მილიარდერების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სს კოდექსს ცვლის და ეკონომიკური დანაშაულებისთვის სასჯელს ნაწილობრივ არბილებს, ნაწილობრივ კი საერთოდ აუქმებს, - იუწყება რუსული მედია. სწორედ ასე აფასებენ იმ "რეფორმის" რეალურ არსს, რომლის საკანონმდებლო ბაზის მომზადება პრეზიდენტმა "რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირს" - ქვეყანაში მილიარდერთა უმსხვილეს გაერთიანებას დაავალა.
ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ კავშირში შემავალ კომპანიებს ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში წლის ბოლომდე 300 მლრდ რუბლის შეტანა დააკისრა. თანხა "2022 წლის განმავლობაში მიღებული ზემოგების ერთჯერად გადასახადად" ფორმდება.
პუტინის ამ გადაწყვეტილებამ მილიარდერთა უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა თანხის შეტენაზე სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადა. მარტში კი კავშირმა კრემლს საპასუხო ნაბიჯად 10 მუხლით გათვალისწინებულ ეკონომიკურ დანაშაულებზე სასჯელის შემსუბუქება/გაუქმება სთხოვა და პუტინი, რომელსაც ომის დასაფინანსებლად თანხების მოძიება სულ უფრო მეტად უჭირს, მოთხოვნას, როგორც ჩანს, დასთანხმდა.
ხსენებულ მუხლებს შორისაა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ატმოსფეროში დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევა, სხვისი ქონების თაღლითური გზით მითვისება, ასევე ყალბი საუთების გამოყენებით თანხების არარეზიდენტთა ანგარიშებზე გადარიცხვა.
"მილიარდერებმა პუტინს ანტიკრიზისულ ზომად ფაქტობრივად, ფულის გათეთრების დეკრიმინალიზაცია მოსთხოვეს. სწორედ ამაშია რეალურად, ყალბი საუთების გამოყენებით თანხების არარეზიდენტთა ანგარიშებზე გადარიცხვის არსი" - განუცხადა ამასთან დაკავშირებით "The Moscow Times"-ს "Transparency International Russia"-ს დირექტორმა ილია შუმანოვმა.


