
ბავშვებს, რომლებსაც 1 ნოემბრამდე 6 წელის შეუსრულდებათ, პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ
01/05/2023 20:24:17 საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების შესახებ ისაუბრა.
კანონპროექტის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
„1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს, შეუძლიათ, შვილები დაარეგისტრირონ და შეიყვანონ სკოლებში. ეს თარიღი გახლდათ 16 სექტემბრამდე (ჩვენ ვცდილობთ ეტაპობრივად... ბუნებრივია, ერთბაშად ამ ნაკადს სასკოლო სისტემა ვერ გაუძლებს). ვცდილობთ, საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებულმა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში წასვლა. მთელი წლის განმავლობაში ექნებათ ეს შესაძლებლობა იმ წელს დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც უსრულდებათ 6 წელი", - განმარტა მდინარაძემ.
2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ოქტომბრამდე უსრულდება.