„ბახმუტში რუსეთის შეტევა ჩაიშალა“ – კირბი რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემებს ასაჯაროებს
01/05/2023 20:06:50 მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერის ჯონ კირბის ცნობით, ამერიკული დაზვერვის შეფასებით, ბოლო ხუთ თვეში ბახმუტში რუსეთმა 100 000 სამხედრო დაკარგა. აქედან 20 000 სამხედრო დაიღუპა.
მისი თქმით, ამ დანაკარგის ნახევარზე მეტი დაჯგუფება „ვაგნერზე“ მოდის.
ასევე, კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა ბახმუტში შეჩერდა და ჩაიშალა, – იუწყება Reuters.
მანამდე "ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პარიგოჟინი კვლავ დაემუქრა რუსეთის თქვდაცვის სამინისტროს, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა. მსგავს პრობლემებზე ის მანამდეც საუბრობდა.
„თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად (რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ) ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ,“ - თქვა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის“ დაქირავებულები გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობენ დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის აღებას. ამ მცდელობას ათასობით „ვაგნერელი" შეეწირა. პრიგოჟინმა ცხედრების ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაადანაშაულა იმაში, რომ მისმა ძალებმა არ მიიღეს საკმარისი საბრძოლო მასალები და ამიტომ ვერ აიღეს ბახმუტი.


