მოსკოვში "ინტერპოლის" მოთხოვნით საგარეო დაზვერვის გენერლის ვაჟი დააკავეს
01/05/2023 12:50:32 მსოფლიო
მოსკოვში "ინტერპოლის" მოთხოვნით საგარეო დაზვერვის გენერლის ვაჟი, ფინანსისტი ალექსეი კოროტაევი დააკავეს.
"ინტერპოლი" რუსეთის მოქალაქეს შვეიცარიის განაცხადის საფუძველზე ეძებდა, სადაც კოროტაევი თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
ეს მისთვის ბოლო წლების განმავლობაში უკვე მეორე დაკავებაა: 2017-ში კოროტაევი ფინანსურ მაქინაციებსა და 18 მლნ ევროზე ყალბი ქვითრის გამოწერაში დაადანაშაულეს, რის საფუძველზეც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამი წელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა კოროტაევს ვადა სრულად არ მოუხდია: მან 2000 ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და ნახევარ წელიწადში ციხიდან გათავისუფლდა.
ალექსეი კოროტაევი-უმცროსი ნახსენები იყო 2018 წლის სკანდალურ პუბლიკაციაში - "დუბაის დოკუმენტების" სახელით ცნობილ მასალებშიც, რომელიც ფინნსური მაქინაციებისთვის ჩამოყალიბებულ კომპანიათა ქსელს ამხელდა. ამ მიზნით გამოიყენებოდა საინვესტიციო ფონდი Hélin International, მასთან კავშირში მყოფი, მავრიკის კუნძულზე რეგისტრირებული კომპანია კი, რომელიც კოროტაევს ეკუთვნოდა, აშშ-ში ფულის გათეთრებაში იყო ბრალდებული.
რაც შეეხება მამამისს - საგარეო დაზვერვის გენერალ ალექსეი კოროტაევ-უფროსს, იგი რუსეთის ენერგეტიკის ექს-მინისტრმა იგორ იუსუფოვმა საქართველოს მკვიდრი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის - ასლან გაგიევის ბანდის საქმის გამოძიების ფარგლებში ახსენა. კერძოდ, ბიზნესმენ ანდრეი ბურლაკოვის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იუსუფოვმა განაცხადა, რომ ბურლაკოვი მას თავის დროზე სწორედ კოროტაევმა გააცნო.


