ჩინეთმა რუსეთი აგრესორად სცნო
01/05/2023 11:16:22 მსოფლიო
ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე გაერო-ს კენჭისყრებში "თავშეკავების" პოლიტიკაზე უარი თქვა და რუსეთი აგრესორად სცნო.
ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი აგრესორადაა აღიარებული, - ირკვევა კენჭისყრის შედეგებიდან, რომლებიც გაერო-ში ისლანდიის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.

დოკუმენტში А/77/L.65 აღნიშნულია "უპრეცედენტო გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა რუსეთის მხრიდან ჯერ - საქართველოს, ხოლო შემდეგ უკრაინის მიმართ აგრესიის შემდეგ დადგა".
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას რუსული აგრესიის მსხვერპლთათვის ზარალის ანაზღაურებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.
ჩინეთთან ერთად რუსეთი აგრესორად სცნეს მოსკოვის მიერ დღემდე "მეგობრულად" მიჩნეულმა ინდოეთმა, ბრაზილიამ და თურქეთმაც, ასევე ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, რომლებმაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს.
რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ ბელარუსმა, კონგომ, ნიკარაგუამ და სირიამ მისცეს ხმა.


