გაერო–ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე რუსეთი შვეიცარიამ შეცვალა
01/05/2023 10:57:51 მსოფლიო
1 მაისიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია გახდა. მან როტაციის წესით შეცვალა რუსეთი და საბჭოს ერთი თვით უხელმძღვანელებს.
გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, შვეიცარია არაერთხელ იქცა კრიტიკის სამიზნედ იმის გამო, რომ უარი თქვა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების იარაღის გადაცემასა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის აღსადგენად.
აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა რუსეთი. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სათავეში ჩაუდგა "ტერორისტი სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საბჭოს რეფორმირება.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.


