ერდოღანი – თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი
01/05/2023 05:13:30 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში.
აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად გამოცხადდა ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შემდეგ. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მიაკვლიეს და მან თავი აიფეთქა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ 2017-2018 წლებში, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფო" გაანადგურა, ექსტრემისტული დაჯგუფება თავდასხმებს პერიოდულად დღესაც აწყობს. სხვადასხვა მონაცემით, ამჟამად დაჯგუფებაში 6 000-დან 10 000-მდე წევრია.


