რუსული გემების გამოჩენის გამო შვედეთის და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს
01/05/2023 05:10:11 მსოფლიო
შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს იმის გამო, რომ ხსენებული ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელების გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს, – იუწყება ფინური გამოცემა Iltalehti.
მისი ცნობით, ჰელსინკიში და სტოკჰოლმში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ენერგეტიკულ ქსელებზე დარტყმა განახორციელოს.
"წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება", განაცხადა შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა. მან არც დაადასტურა და არც უარყო ბრალდება, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წყაროებმა Iltalehti-ს აცნობეს, რომ რუსეთის შესაძლო შემოჭრის შემთხვევაში შვედეთი და ფინეთი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ - შვედეთი ფინეთის ალანდის კუნძულების დაცვაში, ფინეთი კი შვედეთს კუნძულ გოტლანდის დაცვაში.
რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე გავრცელდა დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა განაცხადეს, რომ გემი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტს მიეწერება, საზღვაო კაბელებსა და გაზსადენებს აღნუსხავდა სკანდინავიის ქვეყნების და ფინეთის წყლებში.
ჟურნალისტთა ჯგუფს წვდომა ჰქონდა რუსეთის ოკეანოგრაფიული ხომალდის „ადმირალ ვლადიმერსკის“ რადიოკავშირის ჩანაწერებზე და მისგან გაგზავნილი შეტყობინებების საფუძველზე შეადგინეს მისი მოძრაობის რუკა. გემმა, სავარაუდოდ, ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენების, ელექტროენერგიის და ინტერნეტის კაბელების რუკა შეადგინა. ნატოს სადაზვერვო სამსახურების ექსპერტებმა ფილმის ავტორებს განუცხადეს, რომ რუსეთის გემები ქმნიან ასეთ რუკებს ბლოკსა და რუსეთს შორის ომის შემთხვევისთვის. რუკები მუდმივად უნდა განახლდეს.
როგორც დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საზოგადოებრივვი მაუწყებლების დოკუმენტური ფილმიდან ჩანს, მათი ფლობის შემთხვევაში რუსეთის ფლოტს შესაძლებლობა ეძლევა დაარტყას ჩრდილოეთის ევროპის ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ფინეთი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ნატოს 31-ე წევრი და შვედეთის განაცხადი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ჯერ არ დაუმტკიცებია ორ ქვეყანას - უნგრეთმა და თურქეთმა. შვედეთმა მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მოკავშირეებისგან.


