
ჩალაძის თქმით, სააკაშვილს მეტყველება აქვს შეფერხებული
28/04/2023 14:26:05 საზოგადოება
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ "ვივამედში" მყოფ ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილებასთან ერთად, მეტყველების უნარიც შეფერხებული აქვს.
"პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გასული ღამე ძალიან მძიმე იყო. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ძალიან მაღალი წნევა აქვს, შეფერხებული აქვს კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ვერ მეტყველებს, ასეთი პრეზიდენტი სააკაშვილი არავის არ ახსოვს.
მისი მდგომარეობა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც სახალხო დამცველის კონსილიუმმა თავის 9 დასკვნაში თქვა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, არათუ გადაადგილება უჭირს მას, არამედ მეტყველების უნარი, არ მინდა ვთქვა, რომ წაერთვა, შენარჩუნებულია, მაგრამ ძალიან შეფერხებულია, შენელებულია. რამდენიმე წინადადების ან აზრის გადმოცემას სჭირდება ძალიან დიდი დრო", - უთხრა გიორგი ჩალაძემ ჩალაძემ ჟურნალისტებს კლინიკის დატოვების შემდეგ.
2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.