Accentnews.ge
Le Monde – საფრანგეთი მხარს უჭერს “როსატომის“ პროექტს უნგრეთში

Le Monde – საფრანგეთი მხარს უჭერს “როსატომის“ პროექტს უნგრეთში

28/04/2023 11:39:35 მსოფლიო

საფრანგეთი მხარს უჭერს ატომური ელექტროსადგურის "პაკშ-2" პროექტს უნგრეთში, რომლის მშენებლობასაც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ახორციელებს იმ პირობით, რომ ბუდაპეშტი მკაცრად დაიცავს "საერთაშორისო სანქციების ევროპულ ჩარჩოს". ამის შესახებ გაზეთი Le Monde საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის გარემოცვაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამ წყაროს ცნობით, საფრანგეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს "პაკშ-2-ის" პროექტში, კერძოდ, ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში. ამავე დროს, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის ბირთვული ინდუსტრია არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ ფრანგულმა კომპანია Framatome-მა შეიძლება, გააფართოოს მონაწილეობა ატომურ ელექტროსადგურ "პაკშ-2-ის" მშენებლობაში, რათა თავიდან აიცილოს ამ პროექტის შეფერხება, თუ მას დატოვებს გერმანული კომპანია Siemens Energy.

მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო შეხვდა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელ ალექსეი ლიხაჩოვს და მოლაპარაკებები გამართა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის „პაკშ-2" მშენებლობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანონ, რათა პროექტთან დაკავშირებულ პროცესებზე არ გავრცელდეს დასავლეთის სანქციები.

უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჯერაც აქვთ კონტრაქტები მოსკოვთან და მის მოკავშირეებთან, მათ შორის - ბელარუსთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S