მოლდოვამ პუტინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
28/04/2023 08:51:33 მსოფლიო
მოლდოვამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება ტელეკომპანია TV8-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გააკეთა.
"არსებობს რუსეთის იმ ოფიციალურ პირთა (და არა მარტო) სია, რომელთაც მოლდოვაში შემოსვლა ეკრძალებათ. ეს სია საჯარო არაა, ის ჩვენს შესაბამის ორგანოებს გააჩნიათ. მის წევრებს აკრძალვის შესახებ ჩვენს საზღვარზე ატყობინებენ, თუმცა ბევრი მათგანი ისედაცაა ინფორმირებული. სია საკმაოდ ვრცელია. მასში პუტინიც ფიგურირებს. საჭირო დროს სიას განვასაჯაროებთ კიდეც. რუსეთის ფედერაცია ვერ გვიკარნახებს, რა უნდა და რა შეგვიძლია, გავაკეთოთ. მოლდოვა სუვერენული თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი" - განაცხადა პრემიერმა..
ცნობისთვის: 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზდენტი უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
17 აპრილს მოლდოვაში არ შეუშვეს თათრეთის რესპუბლიკის (რუსეთი) ლიდერი რუსტამ მინიხანოვი, რომელიც "ხალხთა მეგობრობის კონგრესს" უნდა დასწრებოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მინიხანოვს ადგილობრივ არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერი ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი და მოუწოდეს რუსეთის წარმომადგენლებს, "ნუ ეცდებიან მოლდოვას შიდა საქმეებში ჩარევას".


