
მესტვირიშვილი – ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე გაზრდის
28/04/2023 08:19:48 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
„10 მაისს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გვექნება და ამ დროს ჩვენ გადავხედავთ პროგნოზებს. ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო, ჩვენ ამ პროგნოზს გადავხედავთ და 4.5%-მდე გავზრდით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
კითხვაზე - რამ განაპირობა 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 7.2%-ით გაზრდა და რამდენად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების ფაქტორი, არჩილ მესტვირიშვილმა შემდეგი განაცხადა:
„მიგრანტების ეფექტი შეიძლება, ვადაში გაიწელოს, თუმცა ჩვენ ამ თანხას ვუყურებთ, როგორც რაღაც პერიოდის შემდგომ ეს ჭარბი ლიკვიდობა, რაც ახლა გვაქვს, შეიძლება, ამის გადინება მოხდეს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.