
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა
28/04/2023 07:34:15 საზოგადოება
სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების მეორე ნაწილი თბილისში დღეს ჩამოფრინდა. ამჯერად საქართველოში დაბრუნდა ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" 13 თანამშრომელი. მანამდე, 27 აპრილს ჩამოფრინდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაიში" დასაქმებულები.
15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ხსენებული ავიაკომპანიების 33 თანამშრომელი.
მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.
მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.