ზალუჟნი – რუსეთის მიერ დღეს გამოყენებული 23 რაკეტიდან 21 გავანადგურეთ
28/04/2023 06:35:11 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევა კასპიის ზღვის რაიონიდან, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების – ტუ-95 გამოყენებით განახორციელეს.
გენერალ ზალუჟნის თქმით, უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა საჰაერო თავდაცვის ძალებთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.
გამთენიისას რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე. სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ჩერკასკის ოლქის ქალაქ უმანში, სადაც ერთი რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მეორე კი - საწყობების შენობას. მსხვერპლია ქალაქ დნიპროშიც. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანგრეულია ერთ-ერთი საწარმო და კერძო სახლი. დაიღუპნენ 31 წლის ქალი და 2 წლის ბავშვი. დაჭრილია 3 ადამიანი.


