ზელენსკი – ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია
28/04/2023 05:57:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.
ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია 27 აპრილს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არსებითად დაეხმარება უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ გენოციდისთვის რუსეთის პრეზიდენტის და სხვა თანამდებობის პირების პასუხისგებაში მისაცემად.
ზელენსკის შეფასებით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის მიზანმიმართული მცდელობისა, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა. მისი ინფორმაციით, კიევისთვის ცნობილია რუსეთის რეგიონებში ძალით წაყვანილი 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვის მონაცემები, თუმცა, რეალურად მათი რიცხვი გაცილები მეტია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უკრაინელი ბავშვების და სხვა სამოქალაქო პირების დეპორტაციის შესახებ, სპეციალური მომხსენებლის, პაულო პისკოს ანგარიშს დაეფუძნა. ასამბლეა რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას და მათ „რუსიფიკაციას“ გენოციდად განიხილავს და მოითხოვს ბავშვების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.


