რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
27/04/2023 15:51:41 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც არ გამორიცხა “ახალი ინიციატივები". ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ცნობით, საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა.
"საუბრისას ასევე თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნა განხილული. მხარეებმა განიხილეს რუსულ-უკრაინული ომი და მარცვლეულის შეთანხმება. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შესაძლოა ახალი ინიციატივები რეალიზდეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მალე გამოჯანმრთელების სურვილები გადასცა სატელეფონო საუბრის დროს, რომელშიც ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა”, - წერია განცხადებაში.


