"თავები „დაიყარა“: კრემლის მომხრე რუსი სამხედრო ბლოგერები გენერლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ იუწყებიან
27/04/2023 13:23:23 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოულოდნელმა ვიზიტმა უკრაინის ფრონტზე არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში გადადგომების ტალღა გამოიწვია, – ამის შესახებ სინქრონულად იუწყებიან კრემლის მომხრე რუსი სამხედრო ბლოგერები.
20 აპრილის ბრძანებულებით, პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, გენერალ-პოლკოვნიკები – ალექსანდრე ჟურავლევი და რუსტამ მურადოვი, – წერს სამხედრო ბლოგერი იური კოტენოკი.
კიდევ ერთი სამხედრო ბლოგერი ალექსანდრე სლადკოვი ადასტურებს გენერალიტეტის გადადგომას, რომლებმაც ჩააგდეს „ზამთრის შეტევა“, რომლებიც ექვს თვეზე მეტია, უშედეგოდ იბრძვიან ბახმუტისთვის და იანვრის დასაწყისიდან მიტაცებული ტერიტორიების ფართობი მხოლოდ პროცენტის მეასედით გაზარდეს.
სლადკოვის განცხადებით, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი მოხსნილია თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მას "მარიუპოლის ჯალათს" უწოდებდნენ, მოგვიანებით რუსული არმიის ზურგს ხელმძღვანელობდა. პროპაგანდისტული ტელეგრამ–არხი «Рыбарь» ასევე წერს მიზინცევისა და გენერალ-მაიორ ოლეგ გორშენინის გათავისუფლების შესახებ, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის ეროვნულ საკონტროლო ცენტრს.
"თავები „დაიყარა", - კონსტატირებს სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამ–არხი Wargonzo. ის ადასტურებს მიზინცევის გადადგომას და აღნიშნავს, რომ „სამსახურიდან გათავისუფლების ტალღა პუტინის ვიზიტის შემდეგ დაიწყო“:
„რეალური მდგომარეობით გაბრაზებული ფრონტზე მყოფი ოფიცრები მიხვდნენ, რომ ეს მათთვის შანსია, გადასცენ პრეზიდენტს რეალური პრობლემები“.
სლადკოვის თქმით, არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში გადადგომები შესაძლოა გაგრძელდეს.


