
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს
27/04/2023 11:43:34 პოლიტიკა, საზოგადოება
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა, – იუწყება "ბათუმელები".
საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს.
გამოცემის ცნობით, ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე.
ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იმიტომ, რომ მერს მოქალაქის შეფასება არ მოსწონს:
„ვიდრე ამ განცხადებას გამოვაკრავდი საშაურმეზე, წელს აღარ მომცეს ნება, ტროტუარზე დამედგა მაგიდები და სკამები, მანამდე 10 წელი ნებართვით ტროტუარის ნაწილზე გვქონდა მაგიდები და სკამები… რა თქმა უნდა, ავიღეთ მაგიდები, თუმცა ტროტუარზე დავტოვე ნარგავები. დავრბოდი, რომ იქნებ რამე გამომესწორებინა… მოვიდა წერილი, რომ 20 დღეში უნდა აგვეღო ნარგავებიც…“.
ვიდრე მერიისგან დათქმული 20-დღიანი ვადა გავიდოდა, საშაურმესთან ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს ჩაუვლია.
„მაგიდები რადგან აღარ გვიდგას, აღარ არის მუშაობა… მერს დაველაპარაკე და ვუთხარი, გვშია და ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი, ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო. გვშია, რა შუაშია პოლიტიკა-მეთქი. თუ გშია, წადი სახლში და ჭამეო. მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი. მე გამოვიყენე კონსტიტუციით დაცული უფლება – სიტყვის თავისუფლება.ჯერ კიდევ 1978 წელს დედა ენას ვიცავდი, მერე ლენინის ძეგლს ვაგდებდი, აბაშიძის პოლიტპატიმარიც ვიყავი. მე გამოვხატე ჩემი პროტესტი მერიის ველური ქცევის მიმართ და ამის გამო მაჯარიმებენ?“, – კითხულობს მოქალაქე.
„უნდა დაჯარიმდეს მაშინ ყველა, ვისაც რაიმე სახის წარწერა აქვს გამოკრული, ეს ალოგიკურია და დაუსაბუთებელი – როცა სხვა ვინმე იგივე გორგილაძის ქუჩაზე მსგავსი წარწერის გამო დაჯარიმებული არ არის, გამოდის, რომ ბათუმის მერს წარწერის შინაარსი არ მოსწონს,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.
ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეუსაბამოდ დააჯარიმა მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
იურისტი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: ძეგლის დაცვის ზონაში შენობაზე ნებისმიერი განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას. მეორე – მერიას აშკარად შერჩევითი მიდგომა აქვს.
„სხვა წარწერა რომ ყოფილიყო, მაგალითად, ბათუმს ჰყავს კარგი მერი, მაშინაც დააჯარიმებდნენ?
თუ ასეა, მაშინ რატომ არ აჯარიმებენ ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელსაც გვერდით, სხვა ვიტრინებზე აქვთ განცხადებები გამოკრული?
დაცვის ზონაში, შენობის ფასადის ვიტრინაზე განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას და ავტომატურად სამართალდარღვევას. მუნიციპალურ ინსპექციას უნდა გაერკვია, იყო თუ არა ეს დროებითი, ხომ არ იყო ეს პროტესტი? ოქმში საერთოდ არაა მითითებული, რა დაამახინჯა კონკრეტულად მესაკუთრემ განცხადების გამოკვრით.
2023 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ განეხორციელებინა გამწვანება იმ პერიმეტრზე, სადაც საშაურმის მაგიდები ელაგა… გასათვალისწინებელია, რომ რომელსაც არათუ ტროტუარი, ველოსიპედისტების ბილიკიც ათვისებული აქვს…,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.