ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
27/04/2023 10:55:41 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდებული ბაბარიკა კოლონიაში თოთხმეტწლიან სასჯელს იხდის. მისი დიაგნოზი და მდგომარეობა უცნობია.
ბაბარიკას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ იგი ნაცემი იყოს.
"მეგობრებო,გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება", - ნათქვამია პოლიტიკოსის გუნდის ტელეგრამ–არხზე.
ვიქტარ ბაბარიკამ, ბელარუსში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ 2020 წლის 12 მაისს განაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 2020 წლის 9 აგვისტო.
მაგრამ ბანკირმა და მეცენატმა ვერც მოასწრო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირება. ის მაშინ დააკავეს, როცა თავის ვაჟთან, ედუარდთან, და სხვა მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა კანდიდატად რეგისტრირებისთვის. მას შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა კოლონიაში იხდის სასჯელს - მას 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ვაჟი, ედუარდ ბაბარიკა, რომელიც მამის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მისი სასამართლო ჯერაც არ დაწყებულა.


