Accentnews.ge
აშშ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე

აშშ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე

26/04/2023 19:52:39 მსოფლიო

აშშ-ის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები – ჯო ბაიდენი და იუნ სუკ იოლი ოთხშაბათს ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. შეხვედრა მიეძღვნა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე შესაძლო ბირთვულ საფრთხეს.

მხარეებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ბოლო თვეებში ჩრდილოეთ კორეამ გააძლიერა ახალი იარაღის, მათ შორის ბირთვულის გამოცდა.

შეხვედრის შედეგად აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეას მხარდაჭერა აღუთქვა. ამერიკული წყალქვეშა ნავები, მათ შორის ატომური რაკეტმზიდები, პირველად, 40 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის ნავმისადგომებთან დადგებიან, მაგრამ ამერიკა ნახევარკუნძულზე ბირთვული ქობინების განთავსებას არ გეგმავს.

ქვეყნები ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნას და ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ ინფორმაციას. სამხრეთ კორეაზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონი გამოვა "დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხით ალიანსის მთელი ძალით, მათ შორის აშშ-ის ბირთვული იარაღით", - თქვა იუნ სუკ-იოლმა.

„ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას დიპლომატიური მეთოდებისკენ, რათა მოგვარდეს დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს შესაძლო ბირთვული დარტყმა ჩრდილოეთ კორეაზე გამოიწვევდა ფხენიანში მმართველი რეჟიმის განადგურებას.

გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის გაფართოებაზე. ეს, პირველ რიგში, ტექნოლოგიებს ეხება.

სეულს არ აქვს საკუთარი ბირთვული პროგრამა. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები მოკავშირეები გახდნენ 70 წლის წინ, კორეის ომის დასრულების შემდეგ. ამჟამად სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28 500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S