
საბა ბუაძე მერიას მოუწოდებს, წარადგინოს კვლევა, რომლის საფუძველზეც ტაქსები ბასლაინებზე დაიშვებიან
26/04/2023 13:07:54 პოლიტიკა, საზოგადოება
“ლელოს” წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე A კატეგორიის ტაქსებისთვის ბასლეინებზე გადაადგილების უფლების დაშვებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ავტობუსებისთვის დაყოვნებიოს დროს გაზრდის. ამის შესახებ მან დღეს საკრებულოში ბრიფინგზე ისაუბრა.
ბუაძე დედაქალაქის მერიას მოუწოდებს, წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში სიარულის ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შექმნის. მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ავტობუსის ზოლების დახაზვას და 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას ელოდება, იმისთვის, რომ თბილისში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანები სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდნენ, თბილისის მერმა შემოიტანა ახლა მორიგი პოპულისტური, ძალიან მავნებლური და გაუაზრებელი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც A კლასის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ. ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში არის და ეს ქაოსი გავრცელდება ავტობუსის ზოლებზე, რომელიც წესით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს," - განაცხადა ბუაძემ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.