ლავროვი – შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ჩიხშია შესული
26/04/2023 06:41:23 მსოფლიო
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ჩიხშია შესული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცდილობს, მოლაპარაკება აწარმოოს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები გამოაცხადეს, მაგრამ ჯერ–ჯერობით შედეგი არ არის.
"როსსელხოზბანკი“ კვლავ გათიშულია SWIFT-იდან. გუტერეშმა სამ ამერიკულ ბანკს მიმართა თხოვნით, SWIFT გამოუცვალონ „როსსელხოზბანკს“ და მას დაეხმარონ რუსული საექსპორტო გარიგებების მომსახურებაში. რამდენიმე თვის შემდეგ მხოლოდ ერთი ამერიკული ბანკი დათანხმდა ერთი ოპერაციის დაფინანსებას. დასავლეთს არ სურს, ბაზარზე დაუშვას ჩვენი მარცვლეული და სასუქები“, - ირწმუნება ლავროვი.
ლავროვმა დაადასტურა, რომ ორშაბათს, 24 აპრილს, გუტერეშმა წერილი გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე. გაეროს ინფორმაციით, დოკუმენტი შეიცავს მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებისა და გაგრძელების გზებს მხარეების მიერ გამოთქმული პოზიციების გათვალისწინებით. ლავროვმა პუტინისადმი გუტერეშის წერილს "პირადი მიმოწერა" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის საზოგადოებაში არ გაჟონავს.
გუტერეშმა ანალოგიური წერილები გაუგზავნა მარცვლეულის გარიგების სხვა მონაწილეებს - უკრაინასა და თურქეთს, რომლის შუამავლობითაც კიევმა და მოსკოვმა გასული წლის ივლისში ხელი მოაწერეს შავი ზღვის გავლით პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.
მედია არაერთხელ წერდა, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან მარცვლეული გააქვს და მას საკუთარ პროდუქციად ასაღებს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სთხოვა თურქეთს დაეკავებინა სატვირთო გემი, დაეკითხა კაპიტანი და ეკიპაჟი და აეღო საკვების ნიმუშები. თურქეთის ხელისუფლებამ არ უპასუხა The Wall Street Journal-ის კითხვებს, მაგრამ გაზეთის დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ანკარამ ბოლო თვეებში ფარული ზომები მიიღო ექსპორტირებული უკრაინული მარცვლეულის შესყიდვის შესაჩერებლად. ასეთი ზომების მიზეზი იყო თურქეთის მიმართ უკრაინის საჯარო მოთხოვნა, დაეკავებინათ კიდევ ერთი გემი, სავარაუდოდ, მოპარული მარცვლეულით.
შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელითაა ცნობილია, რუსეთმა და უკრაინამ ცალ-ცალკე დადეს გაეროსთან და თურქეთთან და მას შემდეგ ის ორჯერ განახლდა. შარშან თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, გასული წლის ივლისამდე, უკრაინის პორტები მთლიანად დაბლოკილი იყო. გაერო და ბევრი ქვეყანა აცხადებდნენ, რომ ქვეყნიდან სურსათის ექსპორტის ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური შედეგები, მათ შორის შიმშილობა უღარიბეს ქვეყნებში.
მიმდინარე წლის მარტში გარიგება გახანგრძლივდა. გაეროს ოფიციალურად არ განუცხადებია, რა ვადით გაგრძელდა შეთანხმება. უკრაინამ განაცხადა, რომ გახანგრძლივება მოხდა 120 დღით - იმავე პერიოდით, როგორც შემოდგომაზე პირველი გახანგრძლივების დროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით კი, მოსკოვმა შეთანხმების ყველა მხარეს აცნობა, რომ ხელშეკრულება მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივდა.


