უკრაინის გენშტაბი – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოგერიებულია რუსეთის 39 შეტევა
26/04/2023 06:35:41 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 49-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
გენშტაბის ინფორმაციით, 3 სარაკეტო დარტყმიდან 2 იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრზე, სადაც მოწინააღმდეგემ С-300 ტიპის რაკეტებით დაანგრია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა. გენერალური შტაბის თანახმად, მუზეუმის მახლობლად არცერთი სამხედრო ობიექტი არ მდებარეობს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 25 აპრილს კუპიანსკის ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა მუზეუმის 2 თანამშრომელი ქალი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 39 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ, დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


