ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრა მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს
26/04/2023 06:29:50 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის თქმით, ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრა მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს. როგორც ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება დაცული იმ შედეგებისგან, რომელიც ტაივანში შესაძლო ომს მოჰყვება.
„მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების ნახევარი გადის ამ მნიშვნელოვან სრუტეში. ეს გემები დატვირთულია პროდუქტებით, რომლებიც მიემართება ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ტაივანი არის აყვავებული დემოკრატია და გადამწყვეტ რგოლს წარმოადგენს გლობალური მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით თანამედროვე მიკროჩიპების მიწოდების“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ლონდონს სურს თანამშრომლობა ჩინეთთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, რათა შეინარჩუნოს ღია, კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობები ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის გათვალისწინებით.


