ამერიკელმა კონგრესმენებმა უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ დოკუმენტი მოამზადეს
26/04/2023 06:13:25 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომზადდა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ.
აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტი 25 აპრილს, ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინეს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა. ბრიფინგს ესწრებოდა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკაა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვება და 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის გამარჯვების შემდეგ მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნატო–სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში უკრაინის ინტეგრაციით.
ორპარტიული რეზოლუციის პროექტით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა გარანტირებული იყოს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, უკრაინის აღსადგენად მსოფლიო თანამეგობრობის დახმარება, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემა და სამართლიანობის აღდგენა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთათვის.


