ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა
26/04/2023 06:06:10 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. მომხდარის გამო თურქული ტელეარხები იძულებული გახდნენ, პირდაპირი ეთერი შეეწყვიტათ.
როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT იტყობინება, 25 აპრილს საღამოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების შემდეგ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანიების Ulke TV და Kanal 7 ჟურნალისტებს. ინტერვიუს დაწყებიდან ათ წუთში მან თავი შეუძლოდ იგრძნო.
შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აღდგა და ერდოღანმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მანამდე კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ვირუსული გასტროენტერიტით არის დაავადებული.
14 მაისს თურქეთში პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, "სამართლიანობის და განვითარების პარტიის" ლიდერის, 69 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუ.
ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის აგვისტოდან. მანამდე, 2003 წლიდან ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.


