"ვიორსტკა" – პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო
25/04/2023 14:47:18 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან ომის შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში მიიღო, – იუწყება გამოცემა "ვიოსტკა" რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნიბით.
გამოცემის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, წყარობი აცხადებენ, რომ უკრაინასთან ომის მიზეზი პუტინისთვის დიდწილად იყო ერთგვარი პირადი უკმაყოფილება და შურისძიების სურვილი.
რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უკვე მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ბოლო წვეთი, სავარაუდოდ, იყო პუტინთან დაახლოებული პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის მედიააქტივების დახურვა. შეჭრისთვის მზადება თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლში არასწორი ვარაუდებითა და გათვლებით ხელმძღვანელობდნენ. პუტინის მეგობარმა, ბიზნესმენმა იური კოვალჩუკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილებაში. კრემლთან დაახლოებული წყაროს თქმით, კოვალჩუკმა დაარწმუნა პუტინი, რომ ევროპა წინააღმდეგობებით არის დაქსაქსული და ახლა საუკეთესო დრო არის სწრაფი ოპერაციისთვის. წყაროები აცხადებენ, რომ პუტინი უკრაინას ომით დამუქრებას უპირებდა სტატიაში „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“. კრემლმა ის 2021 წლის ივლისში გამოაქვეყნა, მაგრამ ტექსტის საბოლოო ვერსიაში მუქარა არ შევიდა", – იტყობინება "ვიოსტკა".
გამოცემის თანამოსაუბრე აცხდებს, რომ "2021 წლის დეკემბერში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი თვით ადრე, რუსეთმა განიხილა, თუ როგორ გაიყოფდნენ უკრაინას მსხვილი კორპორაციები".
გამოცემის ცნობით, "თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არ შესწინააღმდეგებია პუტინს და უკრაინაში შეჭრაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ის გაახარა კიდეც".
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, რომელსაც ჟურნალისტები "პუტინის ძველ მეგობარს" უწოდებენ, თქვა, რომ შოიგუს არ ესმოდა, რა მდგომარეობაში იყო არმია. ამ წყაროს თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ეგონა, რომ სამხედრო ოპერაცია ყირიმის ანექსიაზე უფრო სერიოზული არ იქნებოდა", – იუწყება "ვიოსტკა".
გამოცემის ცნობით, წყარო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ემზადებოდა ხანგრძლივი ომისთვის.
"უკრაინასთან ომში გაგზავნეს 160 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი დაჯგუფება. ეს საკმარისი არ არის 44-მილიონიანი ქვეყნის დასაპყრობად. კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა „ვიორსტკასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის თითქმის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ეწინააღმდეგება ომს. ამასთან, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გუნდურად უნდა იმუშაონ. გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ სახელმწიფო სათათბიროს მაღალი თანამდებობის პირმა გადადგომა ვერ მოახერხა: მას შემდეგ, რაც მან გადადგომის განზრახვა გამოაცხადა, მის მეუღლესთან და ვაჟთან FSB-ს წარმომადგენლები მივიდნენ", – იუწყება "ვიოსტკა".
რუსეთი უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს. გაეროს მონაცემებით, 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 8500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 14000-ზე მეტი.


