
IRI - რესპონდენტთა 89% ევროკავშირში, 80% კი NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია
25/04/2023 10:02:27 საზოგადოება
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 75% ევროინტეგრაციიას "სრულად" ხოლო 14% "ნაწილობრივ" უჭერს მხარს.
გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება "მკვეთრად" ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამასთან, საკვლევ კითხვაზე "რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - მოსახლეობის 45% პასუხობს - "ეკონომიკის გაძლიერება".
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (34%) "პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვიც (80%). მოსახლეობის 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი "ნაწილობრივ".
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.