
IRI – რესპონდენტთა 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრო-რუსულად მიიჩნევს
25/04/2023 09:56:41 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა ან უფრო პრო-რუსულია, ვიდრე პრო-დასავლური [20%], ან მთლიანად პრო-რუსულია [25%].
მთლიანად პრო-დასავლურად მთავრობის პოლიტიკას მიიჩნევს 17%, ხოლო უფრო პრო-დასავლურად, ვიდრე პრო-რუსულად – 21%. 17%-ს ან პოზიცია არ აქვს, ან უარს ამბობს პასუხზე.
კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აბსოლუტური უმრავლესობა [82%] პასუხობს, რომ პრო-დასავლური. მათგან 50% ამბობს, რომ პოლიტიკა მხოლოდ პრო-დასავლური უნდა იყოს, 32% კი პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასაც ემხრობა. მთლიანად პრო-რუსულ პოლიტიკას მხოლოდ 2% უჭერს მხარს, კიდევ შვიდი კი პარალელურად დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნების აზრსაც იზიარებს.
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.