
IRI – გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
25/04/2023 09:43:26 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, საერთო ჯამში, რას იტყოდით, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი მიმართულებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სწორი მიმართულებით – 30%, არასწორი მიმართულებით – 62%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.
ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, პასუხები ასე გადანაწილდა: ოპტიმისტური- 55%, ნეიტრალური -31%, პესიმისტური – 12%.
ასევე, გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნისთვის დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა.
კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა თქვენი ქვეყნისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ, მმართველობის საუკეთესო ფორმაა ჩემი ქვეყნისთვის – 77%, არა, მმართველობის სხვა ფორმები თანაბრად კარგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის – 8%, არა, მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია, ვიდრე დემოკრატია – 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე- 9%.
გამოკითხულთა 23 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები ხელს უწყობენ კონსენსუსს, 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელს უწყობენ მეტ პოლარიზაციას, ხოლო 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.