
IRI – რესპონდენტთა 57% თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას არ ეთანხმება
25/04/2023 09:17:33 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 57% თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას არ ეთანხმება.
კერძოდ, 35% აცხადებს, რომ სრულიად არ ეთანხმება დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას, 22%-ს კი ნაწილობრივ არ ეთანხმება.
რაც შეეხება მომხრეებს, 25% გარკვეულწილად, 14% კი სრულიად ეთანხმება ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას.
კვლევაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან მოქალაქეები თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაში.
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.