Accentnews.ge
IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე იკავებს, მეორეს – სალომე ზურაბიშვილი

IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე იკავებს, მეორეს – სალომე ზურაბიშვილი

25/04/2023 09:08:24 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს ჰკითხეს ჩამოთვლილი პირებიდან რომლის მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილები და ვის მიმართ ნეგატიურად.

შედეგების მიხედვით, ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ (გამოკითხულთა 91% პოზიტიურადაა განწყობილი), მეორე ადგილზე კახა კალაძეა 52%-ით, მესამე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს 48%-ით.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პოზიტიური განწყობა გამოკითხულთა 43%-მა დააფიქსირა, მას მოსდევს გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი 36-36%-ით.

საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინა კვლევით, პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, სალომე ზურაბიშვილი კი ანა დოლიძის შემდეგ, მეოთხე ადგილს იყო. წლევანდელი კვლევის ამ კომპონენტში ანა დოლიძის რეიტინგი საერთოდ არაა გაზომილი, ღარიბაშვილს კი პრეზიდენტმა გადაასწრო.

წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია ილია II-ის რეიტინგი 3%-ით, 1%-იანი მატება აქვს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეიტინგი 10%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, მისი რეიტინგი 1%-ით შემცირდა.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S