ჩინეთი არ ეთანხმება ელჩს, რომელმაც ეჭვი შეიტანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტში
24/04/2023 08:55:51 მსოფლიო
ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია ყირიმის მიმართ არ შეცვლილა და პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ლუ შაის განცხადებას, რომლის თანახმად, "არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც განმტკიცებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, როგორც სუვერენული სახელმწიფოების სტატუსი".
ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ისიც თქვა, რომ "ყირიმი რუსეთის იყო და ის საბჭოთა პერიოდში უკრაინას აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა".
ჩინელი დიპლომატის ამ ინტერვიუს მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა უკრაინისა და ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომელთა შორის არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
ჩინეთს, რომელსაც კრემლი თავის მოკავშირედ თვლის, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად არ უღიარებია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მაო ნინის განცხადებით, პეკინი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.


