
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი ოთხ ქალაქში დაიწყება
24/04/2023 08:29:31 საზოგადოება
ივნისიდან, ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ტარიელ ირემაძის ცნობით, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება. ეს ქალაქებია:
- თბილისი,
- ქუთაისი,
- ბათუმი,
- რუსთავი.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განახორციელებენ გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებას სპეციალური ხელსაწყოებით".
რაც შეეხება სანქციებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრება:
- დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.
"რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამასთან, შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია. ჩვენს ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება",– განმარტავს ირემაძე.
მისი თქმით, თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას უფლება აქვს, ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. ტექინსპექტირების ცენტრში ახლიდან გადის ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას არამარტო გამონაბოლქვზე:
"თუ დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილი შედეგები, შედგენილი ოქმი ძალაში რჩება. თუ არ დადასტურდა და სხვა შედეგი იქნება, ჯარიმის ანულირება მოხდება. ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირების საფასურის გადახდა არ ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს".
საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, კონტროლის არეალი გაიზრდება:
"კონტროლი მკაცრი იქნება, ამასთან, მაქსიმალურად დაიფარება დიდი წერტილები. საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია, რომ გვყავდეს 10 ეკიპაჟი. შესაძლოა, ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, თუმცა საპილოტე რეჟიმში მივიღებთ იმ მონაცემებს, რომელიც შეფასებისთვის საკმარისი იქნება“.