Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბახმუტში, ავდეევკასა და მარინკაში მოგერიებულია მტრის 60-მდე შეტევა

უკრაინის გენშტაბი – ბახმუტში, ავდეევკასა და მარინკაში მოგერიებულია მტრის 60-მდე შეტევა

24/04/2023 06:17:36 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 სარაკეტო და 46 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, დაახლოებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ საავიაციო ბომბები გამოიყენა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, სადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-მდე შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

23 აპრილს, ტელეკომპანია Al Arsbiya-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს საბრძოლო მოქმედებების ფრონტს გაზრდის და რუსეთს მისცემს მეტი უკრაინული მიწის მიტაცების შანსს. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტს დაიპყრობს, ეს შესაძლოა, გამოიყენოს პლაცდარმად დონეცკის ოლქის კიდევ ორ ქალაქზე, კრამატორსკსა და სლავიანსკზე შეტევისთვის.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სხვადასხვა სახეობის 11 უპილოტო საფრენი აპარატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S