ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა
24/04/2023 06:13:58 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მისი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ დილით ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხვალ ლავროვის თავმჯდომარეობით გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. რუსეთმა ამ სხდომაზე მიიწვია რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, "რუსეთს ბევრი განსახილველი თემა დაუგროვდა".
2023 წლის პირველი აპრილიდან, როტაციის წესით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოს სათავეში ჩაუდგა "ტერორისტი სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებსაც ლავროვის ვიზიტი უნდა გაეშუქებინათ. ნიუ-იორკში გამგზავრების წინ ლავროვმა განაცხადა, რომ ამას „არ დაივიწყებენ და არ აპატიებენ“.


