უკრაინის დაზვერვა სირიაში გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციას, ინფორმირებული იყო თურქეთიც – WaPo
21/04/2023 14:53:23 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მუშაობდა გეგმებზე, რომ სირიაში რუსულ ძალებზე დარტყმები განეხორციელებინათ, - იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა.
გამოცემის ვარაუდით, ამ ოპერაციით კიევი იმედოვნებდა, რომ მოსკოვს აიძულებდა, ძალების ნაწილი უკრაინიდან სირიაში გადაესროლა.
დოკუმენტების მიხედვით, დაზვერვაში დარტყმის ორგვარ გეგმაზე მუშაობდნენ:
- უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ან „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლებით შემოფარგვლა;
- სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრების რეკრუტირება რუსულ ობიექტებზე შეტევისთვის.
დოკუმენტების მიხედვით, სირიის დემოკრატიული ძალები უკრაინის შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა რიგი პირობებით: უკრაინას უნდა უზრუნველეყო მათი მებრძოლების მომზადება, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მომხდარის საიდუმლოდ დატოვება. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გეგმის შესახებ ინფორმირებული იყო თურქეთიც და ანკარა კიევს სთხოვდა, ოპერაციები ქურთების კონტროლირებადი ტერიტორიიდან განეხორციელებინა, ნაცვლად იმ რაიონებისა, რომელთა ნაწილსაც თურქეთის მხარდაჭერილი ჯგუფები აკონტროლებენ.
როგორც გამოძემა აღნიშნავს, გეგმაზე მუშაობა დეკემბერში შეჩერდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით. პენტაგონი ვარაუდობდა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებისკენ რამდენიმე მიზეზმა უბიძგა:
- ზეწოლა აშშ-ის მხრიდან;
- უპილოტო საფრენი აპარატების უკმარისობა;
- ეჭვი, რომ შეტევა წარმატებული არ იქნებოდა;
- გადაწყვეტილება, რესურსების კონცენტრაცია მომხდარიყო რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე დარტყმებისთვის.
უკრაინისა და თურქეთის ხელისუფლებებმა „ვაშინგტონ პოსტს“ კომენტარი არ მისცეს, ხოლო „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დოკუმენტები ნამდვილი არ არის.


