კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 რუსს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა
21/04/2023 12:04:43 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს, მათ შორის – მოსამართლეს, ორ გამომძიებელს, უსაფრთხოების სამსახურის ორ აგენტს. ბრიტანული მხარის ცნობით, აგენტები კავშირში არიან კრემლის კრიტიკოსის 2015 და 2017 წლებში მოწამვლასთან.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
"რუსეთის მოპყრობა და ვლადიმერ კარა-მურზასთვის მსჯავრის დადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აბსოლუტურ ზიზღს ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს "დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს" კრემლის კრიტიკოსი. ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ გააგრძელებს კარა-მურზასა და მისი ოჯახის მხარდაჭერას.
17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.


