
"ანტიკრუფციული მოძრაობა" ეჭვობს, რომ თბილისის ცენტრში ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს: "სავარაუდოდ, დრო მისცეს მტკიცებულებების გასანადგურებლად"
21/04/2023 09:28:13 საზოგადოება
"ანტიკრუფციული მოძრაობა" ეჭვობს, რომ თბილისის ცენტრში, ბაგრატიონის ხიდთან მდებარე ბიზნეს– ცენტრ "ატრიუმში" ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს. მისი ცნობით, დღეს "ატრიუმში" ორი ოფისია დალუქული, რომლებიც უცხოელებს ჰქონდათ დაქირავებული. აღნიშნულ ოფისებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ კომპიუტერულ პროგრამირებით არიან დაკავებულები და ე.წ.ქოლ-ცენტრების შესახებ არაფერი სმენიათ.
"მფარველობის გარეშე თბილისში ასეულობით ოფისი ოპერირებდეს და ფულს ჰპარავდეს ევროპელ პენსიონერებს, წარმოუდგენელია. ხელისუფლების ვალდებულებაა, ასეთი რამ არ ხდებოდეს და ის, რომ მათ უნდათ ისარი გადაიტანონ კეზერაშვილზე, ოპოზიციაზე და ყველაზე გარდა საკუთარი თავისა, არის მინიმუმ, უპასუხისმგებლობა და მაქსიმუმ, თავად არიან ამ მძიმე დანაშაულის ორგანიზატორები“, – აცხადებს "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ფარულავა.
"ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებით, მისმა წევრებმა საგამოძიებო უწყებებს გუშინ 15:00 საათზე მიაწოდეს ინფორმაცია შენობაში შესაძლო ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის თაობაზე. "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ამბობს, რომ "საგამოძიებო სამსახურებმა ჩხრეკა 5 საათის შემდეგ დაიწყეს, რაც აჩენს ეჭვს, ეს დრო მტკიცებულებების გასაქრობად ხომ არ იყო გამოყენებული":
"გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ შენობაში შესაძლოა ყოფილიყო ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც დაკავებული იქნებოდა ტრანსნაციონალური დანაშაულით. ჩვენ, ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის თანხლებით შევეცადეთ, გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, შემდეგ მივმართეთ ჩვენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. სამი საათი იყო, როდესაც ჩვენ მივმართეთ და აქ იმყოფებოდა შესაბამისი შსს-ს საპატრულო პოლიციის დანაყოფები, თუმცა ხუთი საათი პროცესმა ჩაიარა რეაგირების გარეშე. ეს ხუთი საათი, სავარაუდოდ, იყო მიცემული დრო იმ ოფისებისთვის, რომ განადგურებულიყო მტკიცებულებები", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე.
ცნობისთვის: 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ს საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია. მისი თქმით, იგი აპირებს, რომ BBC-ს მასალასთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.