გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – კანაფის ლეგალიზების პარალელურად, ვგეგმავთ კამპანიას ნარკოტიკის გამოყენების უარყოფითი შედეგების თაობაზე
20/04/2023 12:29:05 მსოფლიო
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ კარლ ლაუტერბახის განაცხადებით, მთავრობა კანაფის ლეგალიზებასთან ერთად პროფილაქტიკური კამპანიის ჩატარდებას გეგმავს. მისი თქმით, ამ კამპანიის მიზანია, განუმარტოს მომხმარებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ნარკოტიკის გამოყენების უარყოფითი შედეგები.
"გერმანიის მმართველ კოალიციაში (სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია და მწვანეები) სრულიად ერთსულოვანი ვართ, რომ განსაკუთრებით, ბავშვების და ახალგაზრდების სფეროში საჭიროა საგანმანათლებლო ზომების განსაკუთრებული გაძლიერება. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც კანაფის მოწევას იწყებენ, რომ მათ ბევრად უფრო ნაკლები შანსი აქვთ, მოახერხონ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მოპოვება, რადგან ისინი ნაკლებად სწავლობენ და ნარკოტიკისადმი დამოკიდებულებას თავს ვერ აღწევენ", – განაცხადა მინისტრმა "შპიგელთან" საუბრისას.
გერმანიის მთავრობის გეგმის თანახმად, მომავალში 18 წლის და ამ ასაკს გადაცილებულ პირებს ექნებათ უფლება, იქონიონ 25 გრამი მარიხუანა. კანონსაწინააღმდეგო არ იქნება ასევე კანაფის სამი მცენარის ქონა. ამასთან, გერმანიის მთავრობა აპირებს, შესაძლებელი გახადოს ნარკოტიკის მოყვანა და გაცემა ე.წ. კანაფის-კლუბებში.
გამოკვლევები ადასტურებს კანაფის გავლენას სწავლაზე – მაგალითად, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების შედეგებით, 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც კანაფს ყოველდღიურად მოიხმარენ, ბევრად იშვიათად ახერხებენ სკოლის დამთავრებას. მათი შანსი, მოიპოვონ ატესტატი, 60 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე მათი, ვინც არ მოიხმარს კანაფს. მცირდება ასევე წარმატებული უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივა.


