
იოსელიანი – მნიშვნელოვანია მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა
20/04/2023 11:18:40 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, მნიშვნელოვანია მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოება იმსახურებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხები.
„თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში", – განაცხადა მან.
ლევან იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება.
ცნობისთვის: პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. 18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.